თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი - თამარ (თამუნა) ბერიშვილი.
თამარ ბერიშვილი 2010 წლიდან აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტს. თამუნა თავისი შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელებული სამაგისტრო პროგრამისა და თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ მამოძრავებელი ძალა იყო. ამ პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვებული იყო უნივერსიტეტის ოქროს მედლით.
დღეს ბევრმა ადამიანმა დაკარგა თამარ ბერიშვილი როგორც გულითადი მეგობარი, ღირსეული ადამიანი, საყვარელი და პატივსაცემი ლექტორი და შესანიშნავი კოლეგა. თამუნა ბერიშვილის ნაადრევი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სახელით ღრმა მწუხარებით და დიდი თანაგრძნობით ვუსამძიმრებთ თამუნა ბერიშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და მწუხარებას.